,,მპოვნელის’’ სიხარული ( და ,,პატაფიზიკური’’ ვიანი )

LibraryShelfერთ მშვენიერ დღეს… _ შემეძლო ასე დამეწყო წერა, რაკი ამბების მოყოლას ასე იწყებენ. მოკლედ იმ მეტ-ნაკლებად მშვენიერ დღეს წერეთლის სახელობის მარადიულად ფანჯრებდამტვერილ ბიბლიოთეკაში ჩვეულებრივ ლიტერატურულ ავხორცობას ვახორციელებდი _ ახლავე აგიხსნით ეს რაცაა: თუ ოდესმე ბიბლიოთეკაში სიარული გყვარებიათ, გეცოდინებათ რა დაბნეულობას განიცდის ადამიანის სხეული წიგნებით დატვირთული თაროების წინაშე. თითქოს სხეულის ნაწილები ერთმანეთს ეთიშება და ყველა ცალ-ცალკე მიიწევს სხვადასხვა წიგნისაკენ. თქვენც თაროზე ჩაყოლებულ წიგნებს უმიზნოდ უფათურებთ ხელებს, ათვალიერებთ, ფურცლავთ, ზოგჯერ თვალებმოჭუტული ხან შორიდანა აკვირდებით, ხან ახლოდან, მერე უცებვე მეორეს სინჯავთ მუშტრის თვალით და ამ დროს ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ამყვეყნად ყველაზე საპასუხისმგებლო მისია გაკისრიათ და მთელი სამყაროს მომავალი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული _ რომელს წიგნს ამოარჩევთ ამ ,,საზოგადოებიდან’’. უნდა აირჩიოთ ერთი, თქვენ კი ყოველი წიგნი სათითაოდ გინდათ _ აი, ამას ვეძახი ლიტერატურულ ავხორცობას.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ წინასწარ მოიძიოთ საინტერესო ავტორების საინტერესო წიგნები და ის მოძებნოთ მიზანმიმართულად, თუმცა თუ ყოველთვის ასე იზამთ, ვერასოდეს გაიგებთ რა არის ,,მპოვნელის’’ სიხარული. ასეთი ავხორცობის დროს კი ყველაზე საინტერესო ისაა, ცნობილი ხუთი გრძნობის და მეექვსე-ინტუიციის მეშვეობით რამდენად ამოიცნობ ისეთ წიგნს, რომელიც მოგეწონება და აღგაფრთოვანებს. არის აქ რისკიც და ბედთან თამაშიც ( მესმის, ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს ), ხომ შეიძლება ყველაზე ,,ღირსეული’’ წიგნი თვალსა და ხელს შუა გამოგეპაროს და სახლში ის წაიღო, რასაც ბულვარულ რომანებს ეძახიან ხოლმე ლიტერატურაში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ბატონები, და ქალბატონებიც თავისთავად ცხადია.
იმ მეტ-ნაკლებად მშვენიერ დღესაც, ჩემმა ზემონახსენები შეგრძნებების და გრძნობების მეშვეობით მოქმედმა ხელებმა ერთი არცთუ ისე გრანდიოზული და მხარბეჭიანი, პირიქით, საშუალოზე ნაკლები განვითარების მუსკულატურის თხელყდიანი ,,ნადავლი’’ ამოირჩია _ ,,ვიღაც’’ უცნობი ბორის ვიანის ,,შემოდგომა პეკინში’’. მთლად დარწმუნებით ვერ გეტყვით რამ იქონია მთავარი გავლენა _ გარეკანის სიურეალისტურმა გაფორმებამ, წიგნის უკან დაბეჭდილმა მთარგმნელის სიტყვებმა, სათაურის მუსიკალურ-რომანტიკულმა ჟღერადობამ თუ წიგნის გაუგებარმა და დამაინტრიგებელმა ჟანრმა _ ,,პატაფიზიკური რომანი’’.
ასე იყო თუ ისე, იმ დღის შემდეგ ვიანის ქართულად ნათარგმნმა შემოქმედებამ ( ასეთი სულ სამი რომანი და პიესების კრებულია) ჩემი აზროვნების, ცნობიერების და ემოციურ შრეებში საკუთარი საარჩევნო ხმა მოიპოვა. ბუნებრივია სხვა რაღაც პრივილეგიებიც, რომელიც მსგავს ძალაუფლებას ახლავს ხოლმე. ამ მწერალში ვერც დოსტოევსკის ფილოსოფიურ წიაღსვლებს, ნახავთ და ვერც ფოლკნერისეულ შიდაპიროვნული განწყობა-ემოციების აღწერას (,,ცნობიერების ნაკადს’’). ვიანი თითქოს მაღალი მთიდან დაჰყურებს როგორ ცხოვრობენ და ფუსფუსებენ მისი გმირები ქვემოთ და ოდნავ მექანიკურად, სადად, ლაკონურად და უდიდესი იუმორით აღწერს ყველაფერს ამას. ის არის სიტყვების ჯადოქარი _ ხლიჩავს მათ, ანაკუწებს, შემდეგ ხელახალა აერთებს, ახალ ყალიბში ასხამს და ისეთი სიმბოლური ხასიათის და სახალისო ლექსიკას ქმნის, რომ უთუოდ ინატრებ ფრანგული ენის ცოდნას და ამ სიტყვათა თამაშის ორიგინალში წაკითხვის ბედნიერებას.
რაც შეეხება დამაბნეველ ტერმინს _ ,,პატაფიზიკური’’ პირველად 1911 წელს შემოიტანა ფრანგმა მწერალმა ალფრედ ჟარმა. მან პატაფიზიკა ნახევრად ხუმრობით, მეტაფიზიკის ანალოგიით შექმნა და ასე განმარტა: ,,მეცნიერება ყველაფრის წარმოსახვითი გადაწყვეტის შესახებ, რომელიც სიმბოლურად ანიჭებს მოხაზულობებს მათივე ვირტუალურობით აღწერილი საგნების თვისებებს.’’ ვიანთან სწორედ ეს ვირტუალურობა, აბსურდულობა და ფანტასტიკურობაა თვალშისაცემი. მისი გმირები უცნაურ რეალობაში ცხოვრობენ და იქ ფიზიკის კანონებიც კი სხვაგვარია ხოლმე, თუმცა ცხოვრების კანონზომიერებანი მათზეც ჩვეულებრივად ვრცელდება და მათი ბედიც ისეთივე ტრაგიკული და ჩვეულებრივია, მკითხველს არავითარი ფანტასტიკის ილუზია აღარ რჩება. საინტერესოა, რომ ვიანს ყავს მთელი რიგი ლიტერატურული გმირები, რომლებიც ერთი ნაწარმოებიდან მეორეში ინაცვლებენ და მათი ნახვა ყველგან შეგიძლიათ, ცხოველების გაადამიანურება და უსულო საგნებისთვის მოქმედების მინიჭების უნარი კიდევ სხვა საკითხია. სინამდვილეში კი ასე დაუჯერებელი და ორიგინალური, ენამოსწრებულად მონათხრობი ამბები ცხოვრებისეული ბოროტების წინაშე აჯანყებაა და მწერლის ირონიული და ოლიმპიურად აუღელვებელი სტილის მიღმა წიგნების დასასრულს მკითხველი თითქოს ფონად გრძნობს ვეებერთელა მწუხარებას.
თავისი თავხედური, მეამბოხური და უცნაური გამოხატვის გამო ვიანი ლამის თავისუფლების სავანე საფრანგეთშიც ეშმაკეულად მონათლეს. საქმე იმაშია, რომ 1947 წელს ვინმე ემილ რუჟემ, ყოფილმა ნაცისტმა ყელი გამოჭრა თავის საყვარელს და მაგიდაზე კი ამავე წელს გამოსული ვიანის რომანი (,,დავაფურთხებ მე თქვენს საფლავებს’’ ) დატოვა იმ გვერდზე გადაშლილი, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ყელს იჭრის. პროკურატურამ საქმე აღძრა რომანის და ავტორის წინააღმდეგ, მეტროს დირექცია კი რომანის მიხედვით დადგმული პიესის აფიშების გაკვრას წყევლასავით უფრთხოდა. ვიანს ძალადობისკენ მოწოდებას და ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედებას აბრალებდნენ. თუმცა ღირს გავიხსენოთ, რომ ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია და შეშინებულ კაცობრიობას ყველგან ძლადობისაკენ მოწოდება და კაცთმოყვარეობის დეფიციტი ელანდება.
საფრანგეთშიც ვიანი პოპულარობის ( ის ასევე იყო მსახიობი და ჯაზმუსიკოსი) და ლიტერატურის კორიფეების მაღალი შეფასებების მიუხედავად დიდად განებივრებული არ ყოფილა თავის სიცოცხლეში. ქართველი მკითხველი კი ათწლეულები არ იცნობდა ამ ორიგინალურ მწერალს. მისმა თარგმანებმა მხოლოდ 21 საუკუნეში მოაღწია ჩვენამდე.
ამ მწერლის შემთხვევით პოვნა კი ჩემთვის იყო ისეთი ემოცია , როგორიც ფოთლებს შორის მიმალული სოკოს პოვნისას უჩნდება ადამიანს. ადამიანისთვის თითქმის ყველა ახალი ინფორმაცია სასარგებლოა და თუ კონკრეტულად ბორის ვიანზეც რამე გეცოდინება ნამდვილად კარგი ამბავია, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა უფრო ღირებულია _ შედეგი თუ პროცესი. ყველაზე სასიამოვნო ადამიანური ვნებები და გატაცებები, ესთეტიკური ხასიათის ტკბობაც ხომ ყოველთვის უანგაროა და არა პრაქტიკულ მიზნებზე გათვლილი. ლიტარატურა ლიტერატურისთვის, ძებნა ძებნისთვის… და მპოვნელის სიხარული. ეს ცხადია ფუფუნებაა, თუმცა ცხოველებიც კი ნადირობენ ხოლმე მხოლოდ აზარტის გამო.

 

ანი ჭანკოტაძე

About teitt

ბლოგი ფოტოგრაფების, მხატვრების, უბრალოდ ხელოვანების, ჟურნალისტებისა და მწერლებისათვის.... ხო, რა თქმა უნდა, მათი შემოქმედების შემფასებლებისათვისაც.... :)
This entry was posted in ჟურნალისტიკა. Bookmark the permalink.

5 Responses to ,,მპოვნელის’’ სიხარული ( და ,,პატაფიზიკური’’ ვიანი )

  1. ზუსტად ამ პატაფიზიკურის ახსნას ვეძებდი ჩემს ვიდეოპოსტში :)

    • werasatanilebi says:

      სოფი, კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ჩვენთან :) ;)

  2. tamuna says:

    dzalian dzalian shemoqmedebitad da sainteresod wer :) )

  3. aivi says:

    :რევერანსიაღელვებისგამომცირედიმოუქნელობით:

  4. Pingback: რატომ არის ვიანი დიდი მწერალი | პინგვინთა კუნძული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s