მუზმუზელა

ხმაური იყო, თუ მომეჩვენა ?

ფხიზელი ძილი მაქვს. პატარა ჩქამიც მაღვიძებს. მერე სანამ მივხვდები, რომ ცრუ განგაშია, გადავამოწმებ. ისე ხშირად ხდება, თითქმის არც მძინავს. არადა პირიქით ჰგონიათ. არ მძინავს ხოლმე მე, არა!

!მოსასხამი სად მაქვს ნეტა.უმაგისოდ ვერ გავიხედავ, შემცივდება. სულ გაიყინა ბრეინლანდია. ძალით ყინავს. ხანდხან ისეთი უ–აზრობები ჩამოივლიან ხოლმე, ვფიქრობ ხელი ავიღო ამ სამუშაოზე და თავს ვუშველო.

ახალგაღვიძებულზე წუწუნი მოვასწარი და ზოგი არც მიცნობთ. თქვენი მონამორჩილი, მუზმუზელა ვარ. რა გაგიკვირდა ? ჩემი სახელის სრული ვერსიაა. ასე დამარქვეს და ბარათშიც, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს, ასე წერია.

აქ როდის გადმოვდე. სად რას ვინახავ ვეღარც ვასწრებ ხოლმე დამახსოვრებას. აააჰა ერთი ხელი… მეორეც… ეხლა გარეთ გასვლაც შეიძლება. ვნახოთ ერთი რა ბიჭობა ხდება.

გადაღმა ხვეულში, თუ, თქვენ როგორც ეძახით, მოსახვევში შუქი ანთია. იქაც ღვიძავთ და ეტყობა, ჩოჩქოლია. სწრაფად მოძრაობენ ფანჯრებში ჩრდილები. მოიმატა სინათლეებმა. სხვა ხვეულების ბინადრებმაც შეწყვიტეს ძილი. ეჭვი მაქვს, სამუშაო საათები მეწყება.

კარგი ვქენი სავარძელი აივანზე რომ დავტოვე. აქედან კარგად ჩანს ხოლმე ყველა ჩამვლელი. ვნახოთ, რა კერძებს გამომიშვებენ სახლებიდან.

ამდენგან ანთია და მაინც როგორ ცივა.

გადაღმა ხვეულიდან უკვე გამოვიდა ერთი ჯეელი. თავდაჯერებულად და ჯიქურ მოდის.

„ Poverty is the mother of all arts … კარგი ანდაზაა, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად გაგება არ იქნებოდა სწორი. სიღარიბის ტკივილი აღვივებს ადამიანებში გარემოს სხვაგვარად აღქმას თუ…  მდიდრებს მხოლოდ ფულის გადახდა ჭირდებათ ხელოვნებაში ჩასახედად. ღარიბებს კი ჩასახედი ფული არ აქვთ და შიგნით ხტებიან…“

რამდენი ილაპარაკა. ურიგო არაა, მაგრამ გაშალაშინება უნდა. დროის ამბავია. ამ ქალს რაღა მოაქვს ? სურათებია. ხო, გავიგეთ, რომ გაზაფხული მოვიდა, შეხედე და ძარღვებში პეპლები იგრძენი. მერე ? რამდენი ესეთი მინახავს. არ ვარგა.    აჰაჰაჰაჰა, ჩანაწერი მოაქვთ. წინასწარ ვიცი, წვიმის ხმა იქნება… ჯანდაბა, წინ წასულა. მელოდიაა…

სასაცილო არაა ჩემს საქმეს ყველაზე რომანტიკულ საქმიანობად რომ თვლიან ? აბა, ვის წარმოვუდგენივარ აივანზე დაძველებულ მოსასხამში გახვეული და სიცივისგან მოძაგძაგე ? ყველას თეთრი მანტიით და დაფნის გვირგვინით დამშვენებული ხუჭუჭა თავით ვყავარ გამოგონილი. ეს აბსტრაქტულად. თორემ, ზოგი თავის სატრფოდ მხედავს, ზოგიც საერთოდ, უცნობ გამვლელად. მე კი…  მე კი არ მინდა, ჩემი შვილი ჩემს გზას გაჰყვეს.

გოგო მოდის. კიარა, ფეხი აუკრეფია და ისეთი სიფრთხილით აბიჯებს, რემედიოსს შეშურდებოდა.

„ხანდახან მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი. შეყვარებული მყავს, რომელსაც სექსის გარდა არაფერი გამოსდის. და მე ქალიშვილი ვარ (გამოდის, ზუსტად ეგეც არ ვიცი გამოსდის, თუ არა). არავინ მიყვარს. საერთოდ. მარტო საკუთარი თავი. და ისიც მეზიზღება. მაწუხებს, ბევრს რომ არ ვუყვარვარ და მაწუხებს ბევრი სიყვარული. მე მეორე პიონერი ვარ. და ხანდახან.. მე მაინც ვარ ხოლმე ბედნიერი.“

რა ნისლი ჩამოწვა. გოგო პირველ ჯეელზე მეტად ჩამოყალიბებულია. გამოვიყვან ამისგან არომატიან ქალს.. თუ ამ ნისლმა დამაცადა. აღარაფერი ჩანს ! რატომ გგონიათ, რომ თამბაქო აზრების დალაგებაში მოგეხმარებათ? ვინც ამას ცდილობს, მასაც ხელს უშლით და თვალზე ბურუსს აკრავთ. მორჩა მორჩა, რამის გარჩევაც შეუძლებელია. საწოლამდე მაინც მივიდე. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ამჯერად აღარაფერი გამოვა. იქნებ შემდეგში ჩამოიარონ უფრო მეტმა და მეტად ელეგანტურმა აზრებმა.

ვიძინებ ისევ.

არა, არ წავალ, ცოტას წავუძინებ. თუ დაგჭირდებით, დამიძახეთ და მაშინვე გამეღვიძება. როგორ მომმართოთ ? უბრალოდ მუზა დამიძახეთ.                                                                                                          

თეი კანაშვილი

Posted in პროზა | 7 Comments

მღვდელი ჯაკომო

სასულიერო აკადემია წარუმატებელი წარჩინებით დავამთავრე. ახლა მე სასულიერო პირი ვარ და საერო ცხოვრებისგან განდგომას ვაპირებ.

ჩვენთან, სოფელში ერთი პატარა ეკლესიაა, ტურტლიანი მრევლითა და მოხუცი მღვდლით, რომელსაც იმ ვერცხლის ჯვრის ტარების თავიც კი აღარ აქვს მისმა წინამორბედმა რომ ჩამოჰკიდა გულზე. თანაც როცა იმ ახალგაზრდა გოგოების კაბიდან მომზირალ ბარძაყებს უყურებს აღსარებას რომ აბარებენ, ტირილს იწყებს, ახსენდება ალბათ რაღაც.

უკან დაბრუნებულს ყველაფერი ისე დამხვდა როგორც დავტოვე – ბევრი ტალახი, დაჭაობებული ტბა, თავისი მეთევზეებითა და თევზებით, რომლებიც სიბინძურისაგან შეწუხებულები თავისი ნებით ბარდებიან მეთევზეებს, ბოზი როზელა თავისი ნაბიჭვრებითურთ, ალბერტოს ძმრად ქცეული ღვინით მთვრალი ლოთები და მისი მარანი, ჯუზეპეს ჭიანარევი ბოსტნეულის მაღაზია და მისი ერთი – მეორეზე მახინჯი ქალიშვილები, სახურავჩამოქცეული ეკლესია, მოხუცი მღვდლის ქვის ჯვრით მორთული საფლავი, ჩემი მაწანწალა კოჭლი ძაღლი და სახლი – ერთი პატარა ოთახი და საკუჭნაო.

ჩემი ჩამოსვლა გაუხარდათ, ცოდვები დაუგროვდათ ეტყობა ბევრი. მეც ჩემი მდგომარეობა შევიფერე და ჯერ ეკლესიის სახურავი შევაკეთებინე ბიჭებს, ცოდვების შენდობის საფასურად, ხოლო შემდგომ სალოცავის ერთ – ერთ კუთხეში მიგდებული ჯვარი საზეიმო ვითარებაში ჩამოვკიდე ჩემს თავს. სიამაყის გრძნობით აღვივსე იმის გაცნობიერების შემდეგ, თუ რა მალე დავიპყარი მწვერვალი, თან ისე რომ არც გამჭირვებია; აბა რა მოსატანია ის “ტანჯვა”, რაც ეტლით სოფლამდე, შემდეგ კი სოფლის ცენტრიდან ჩემს სახლამდე და ეკლესიის იმ კუთხემდე ფეხით გავიარე, სადაც ვერცხლის დიდი ჯვარი იყო მიმტვერებული.

მეორე დილით კისერი და გვერდები საშინლად მტკიოდა, გადაჩვეული ვიყავი გაქვავებულ ქვეშაგზე ძილს. საგანგებოდ მივიწვიე “სამწყსო” ეკლესიაში და გულმოდგინედ შევუდექი მოვალეობის შესრულებას.

ღმერთი გამომეცხადა თქო, რომ ვუთხარი კინაღამ გადაირივნენ, ჩვენი ახალი მღვდელი ეტყობა მართლაც რჩეულიაო. მრევლიდან ერთმა წამოიძახა: “რაო რა გითხრაო?”, მეც დაწვრილებით ვუამბე, რომ ღმერთს ძალიან გაუჭირდა, მთელი დღეები პურზე და წყალზეა და ვეღარ შეძლებდა მათ დახმარებას. ამაზე სულ გადაირივნენ, ატყდა ჩოჩქოლი, სახეების ჩამოხოკვა, თმების წეწვა და დიდი აურზაური.

მე, ისე როგორც მღვდელს ეკადრებოდა ხალხი დავამშვიდე და ვუთხარი, რომ დროა ღმერთს დავეხმაროთ, “კაცს ყოველდღე ვაწუხებთ, ხან ამას ვთხოვთ, ხან იმას და ახლა თვითონ ჭირდება ჩვენი დახმარება, ცოტა წელში რომ გაიმართოს და თავის საქმეს დაუბრუნდეს”.

ეკლესიის ეზო გაივსო ქათმებითა და ღორებით, ღვინის ჭურებითა და ბოსტნეულით სავსე ტომრებით, მოჰქონდათ ყველაფერი რაც შეეძლოთ, ხოლო ფულს მე მაძლევდნენ და თავიანთ სახელებს მეუბნებოდნენ რომ არ დამვიწყებოდა ღმერთისათვის იმის თქმა – ჯანი ანიელიმ ორი ლირა გამოგიგზავნათ, ჯუზეპე სოსამ ხუთი, ერთი თავისი და დანარჩენი მისი ოთხი ქალიშვილის სახელზე, რომ მოიცლის იქნებ გამითხოვოსო, ფაბრიციომ ახლა არაფერი მაქვს და მომავალ თვეში გამოგიგზავნითო.

შუადღისათვის დატვირთული ურმით გავემართე ღმერთთან, თუმცა შუა გზიდან ქალაქისაკენ გადავუხვიე და ბაზარში შევჭრიალდი. ყველაფერი გავყიდე, ფული ანაფორის შიგნით გამოკერებულ პატარა ჯიბეში ჩავიკუჭე და გადავწყვიტე ერთი დღით აქ დავრჩენილიყავი.

ტავერნაში შევედი. კათხა ლუდი და მოხარშული დედალი მოვატანინე, სტომაქი გამოვივსე, უფალი დაგიფარავთ თქო ვუთხარი მსახურს და მეძავებიდან ერთ-ერთი, ყველაზე დიდი მკერდის პატრონი, თვალებს რომ მიხამხამებდა, ტავერნის მეორე სართულზე დაქირავებულ ოთახში ავიყვანე.

გათენდა თუ არა ტავერნის მეპატრონეს ოთახის და ვახშმის ფული გადავუხადე, ამას დავამატე ჩემი ფრანცუზი მეძავის გამოსასყიდი ფული და ისევ ბაზარს მივაშურე. ვიყიდე ყველაფერი რაც მჭირდებოდა, სოფის კაბები და თეთრეული შევუძინე და სოფელს გზას დავადექი.

ხალხი ჟივილ-ხივილით შემომეგება, “რა თქვა ღმერთმა?”, “გაუხარდა?”, “ხომ შეძლებს ჩვენ დახმარებას?”.

მეც ბედნიერი სახით ვცემდი პასუხს ამ კითხვებს, მოვუყევი ის ამბავი, თუ როგორ გაუხარდა ღმერთს მათი შემოწირულობა და როგორ გამომაყოლა თავისი ანგელოზი სოფია, ჩემთვის რომ მოევლო, ბოლოს ისიც დავამატე: “ასე მითხრა ჩემსა და ჩემს შვილებს შორის შუამავალი, ასეთ ღარიბულად არ უნდა ცხოვრობდესო! ”

სულ მალე ჩემი სახლი ნამდვილ სასახლეს დაემსგავსა. გაფართოვდა, გასუფთავდა, ახალი ავეჯითა და ნივთებით გაივსო. მართალია მთლად ისეთი არ იყო როგორიც მეკადრებოდა, მაგრამ რას ვიზამდი, ასეთია სასულიერო პირის ცხოვრება. უარი უნდა თქვა ბევრ რამეზე, მთავარია შენი მრევლი იყოს კარგად, თორემ შენ, შენ ჰაერზეც იარსებებ.

ყოველ კვირას წირვას ვატარებ, შემდეგ აღსარებას ვიბარებ და სულგრძელად ვპატიობ ყველას ჩადენილ ცოდვებს. წირვის დასრულების შემდეგ ეკლესიის კართან დამაგრებულ შესაწირავ ყუთს ვხსნი, რომელშიც ჩემი მითითებით აგდებენ ფულსა და წერილს, სადაც მათი ვედრება წერია. საღამოობით მე და სოფი ფულს ვითვლით და ვინახავთ, ხოლო წერილებს ქარს ვატანთ ღმერთთან.

გარკვეული პერიოდულობით, როცა სახსრები ან ფუფუნების საგნები შემომაკლდება ისევ ღმერთი მეცხადება და დახმარებას მთხოვს. ზამთარში ღმერთს სცივა და სიცივეში უჭირს გაძლება. სოფლელებიც უხვად ეზიდებიან შეშას ჩემს ეზოში, ჩემი ბუხრიდან ალი ხომ ღმერთის ბუხარში მიდის, ხოდა აღარც მას სცივა და აღარც მე.

თავისუფალ დროს ვცდილობ მოვწყდე მიწიერ ცხოვრებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ გამომდის, რადგან ან სოფის მოელვარე დიდი ძუძუები მანარცხებს მიწას – მონადირის ტყვია მიწეული ფრინველივით, ან ოთახის ჭერი.

ბედნიერი ადამიანი ვარ. ვმეგობრობ ღმერთთან, მაქვს დიდი სახლი, ფული, გათავების შემთხვევაში – მისასვლელი პირი ღმერთთან, არ მიწევს არაფრის გაკეთება, თუ ჭამას, სოფისთან ლოგინში ცუღლუტობას და კვირაობით ლოცვების წაკითხვასა და აღსარების ჩაბარებას არ ჩავთვლით.

ფრანცუზი “ანგელოზი” ბავშვს ელოდება – ჯაკომო უმცროსს და დამატებითი სახსრები დაგვჭირდება.

კვირა, დილა:

– გუშინ ღმერთი გამომეცხადა!

– რაო რა გითხრა?

რთულია უფლისა და ხალხის სამსახურში ყოფნა.

გიორგი (ქეფჩო) ჭეიშვილი

Posted in პროზა | 1 Comment

გურული მითოლოგია

encient guruliეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც სტუდენტი ვიყავი. სახლი იტალიურ ეზოში მქონდა ნაქირავები.  ერთი პატარა ოთახი იყო,  პატარა მაგიდაზე ამხედრებული “ვეტერანი” სამოვარით, ორიოდ სკამით, გახუნებული ფარდებითა და მონგრეული საწოლით გაწყობილი. ჩემი “ხაზяკა” – თამილა დეიდა კარგი ქალი იყო, თუმცა ამავდროულად მკაცრიც.

ერთი კვირა გადაუღებლად წვიმდა. გამოცდები იწყებოდა და ამ გაწამაწიაში ლექციებს ვერ ვაცდენდი, არადა მშრალი ტანსაცმელი თითქმის აღარ მქონდა.

კიბე. ერთი, მეორე, ფეხი მესრიალებს, მესამე და უცბად …… ბოლო.

გურული

ჩვენში პირველი მეთევზე, წყლის სამყაროს რიცხვა – პოსეიდონ დოლიძე, მძიმედ შეიარაღებული დილაუთენია გამოსულა სათევზაოდ. წუხანდელი ღამენათევია და ნაბახუსევს თავი აწუხებს.

– მასპინძელო, მასპინძელო !

– ქალო ჰერა, ჰერა, გამოი გარეთ სტუმარია ჩვენსას.

– მობრძანდი ბატონო მობრძანდი, ასე უნდა დავიწყება?

– არ მეცალა თავად ბატონო, თვარა თქვნი სახლის გზას რა დამავიწყებდა!

ჩვენი სოფლის თავს, ზევსს კაი დიდი სახლი აქვს, საქონელიც ბევრი ჰყავს ამ შეჩვენებულს, თუმცა უყვარს სტუმრიანობა და მასპინძლობაც კაი იცის.

– ჰეფესტო დაკალი ქათამი!

– ჰეფესტო შენი ჭირიმე, მაგ საქმეს რო მორჩები აი სამკაპი გამილესე თვარა მთლად დაბლაგვდა. – ჰერა, ქალო სადაა ბაღანა? ჰერაკლე! მოი შვილო აგერ,

– რამხელა გაძრდილა ყაზილარი, თუ გახსოვარ ბიძიკო მე?

– წაი მამიკო ახლა დიონისე ბიძიასთან და უთხარი, მამამ სამი ჩაფი ღვინო წამეიღოს და წამევიდეს სტუმრებია ჩვენსას თქვა, კიდო მანანა არ გინდა გვაქვს თქვა. მერე წაი ათენას ჯიხურში და ორი კვერცხი თუთუნი წამეიღე.

– ახლავე ბატონო, ახლავე გავშლი სუფრას. შე კაცო გადგი აი ჯორკო გაღმა, თვარა დავეცი და ესაა.

ამოზელილი ლობიო, ჭადი, ყველი, ახლად მოკრეფილი წიწმატი, კაი ღვინო და რაღა უნდა ინატროს კაცმა დილაუთენია.

– ავგია, ავგია გეიღვიძე შე გლახა.

– რა გაყვირებს ქალო, გეეშვი ელანძე ეძინოს,

– ხო გეეშვი და იმ შენმა ყაზილარმა ასე რო ააბდლებ, წყალი დატოვა მოშვებული, ქე წაულეკავს მთელ თავლას ამ საცოდავს.

– აფროდიტე სადაა?

– დედა მომკლა მაგან ნერვიულობით, ვინცხა აპოლონია, იმას გადაეყარნენ ეგ და მისი მეგობრები, მუზები ვართ ჩვენო და ქე სდევენ უკან.

ზევსმა დამინახა.

– რას ჩამომდგარხარ ბიძიკო მანდ , მოი აგერ დავლიოთ თითო!

– მადლობა ბატონო, მარა არ ვსვამ მე, ვუპასუხე ხის ღობესთან ატუზულმა.

დიონისე გამოჩნდა, ხელში ტიკი უჭირავს და ბანცალით მოუყვება ორღობეს. მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ მე გამომხედა, მერე “ძმა ბიჭებს” მიუბრუნდა და იკითხა: – რა ჭირს ამ აბდალას, რეიზა გვიყურებს შორიდან? – გეეშვი, სულ დაგლახდა და გადეირია იმ ქალაქში! აბა, მშვიდობას გაუმარჯოსო, თქვა ზევსმა, სისხლივით წითელი ადესათი წვერ-ულვაში შეიღება და ოთხად “დაკეცილი”, მარილში ამოვლებული წიწმატი პირისაკენ გააქანა. პირველ ჭიქას მოჰყვა მშობლების სადღეგრძელო – კრონოსის თამადობით, წარსულების – ჰადესის სახით, სიცოცხლის – ჰერაკლესა და აფროდიტეს, ხოლო გაჭირვებულების – პრომეთეს თამადობით. ამის შემდეგ, კარგა შებჟუებულებმა მრავალჭინრნახული ოლიმპოს სადღეგრძელო დალიეს განსხავებულებით და თვითაღიარებული სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ ოლიმპოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისას არესის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ცხარედ იკამათეს. პოსეიდონმა კრიმანჭული შემოსცხო, აჰყვა ზევსი, დიონისეც, არემარე გაიყურსა და ღრმად მოხუცებულმა, მარად ქალწულმა ჰესტიამ ისიც დასძინა, “ თქვენმა ნენამ გეიხაროსო!” ბოლოს სამივე ფეხზე წამოდგა, ერთხმად შესვეს დაშლა-არმოშლის (ისე მაგენს რა მოშლის, დიონისემ ყოველდღე თუ არ აიმეივსო ის დასამიწარი მუცელი და არ გეილეშა, რა დააყენებს წყნარად.) სადღეგრძელო, მერე პოსეიდონა ლოთი მე გადამკიდეს ზურგზე და სახლამდე მიმატანინეს.

Zeusვიღაც მიტყაპუნებდა სახეზე ხელს, ყურებს მიზელდა სველ ჩვარს შუბლზე მისვამდა. როგორც ჩანს თამილა დეიდა კარგა გვარიანად შემიშინებია.

დღეს გამოცდა მაქვს. ტანსაცმელი თითქმის გაშრა, თუმცა ფეხსაცმელები ისევ სველია და ჭყაპა-ჭყუპით შევდივარ გამოცდაზე. ავიღე ბილეთი: ბერძნული მითოსის ღმერთები და თქმულებები; ვიფიქრე კაცი გურულ მითოლეგიაში რომ გეერკვევა ის ბერძნულს კი არა ყოლიფერს ჩააბარებს თქვა, მარა თქვენც ნუ მომიკვდებით, გავედი საპასუხოდ და დევიწყე გუშინდელი ამბების მოყოლა:დიონისე, ჩამოყალიბებული ლოთია ვუთხარი, დეედთრევა ზეით-ქვეით და სადაც გაწყობილ სუფრას დეინახავს დაჯდომას ვერ დაასწრებს ვერაკაცი, ზევსი, ზევს რა უჭირს ქე ყავს უკვე ცოლ-შვილი და აწი რა ადარადებს, პოსეიდონ დოლიძე კიდო ამ ბოლო დროს იმდენს სვამს სახლში ვინმემ თუ არ წეიღო თავის ფეხით ვერ მიატანს თქვა. საშემოდგომო გამომყვა. “სოფელში საქმე ვერ ნახეთ ახალგაზრდავ? არაა აუცილებელი ყველა დიპლომიანი გამოვიდეს, წადით ეხლა და ეგ ზღაპრები ბავშვებს მოუყევით”, მომაძახა სათვალიანმა.

გურულებს აბდლებს რომ გვეძახდნენ მაი ამბავი ქე ვიცოდი და მწყინდა კიდეც, მარა მითოლოგიაც ასე გააბდლებული თუ გვქონდა არ ვიცოდი, თვარა რაფერ მევიჭრიდი თავს საერთაშორისო მასშტაბით! თამილა დეიდას დავემშვიდობე, სადგურში წავედი, ბილეთი ვიყიდე ჩოხატაურის მატარებელზე, დასველებული პაპიროსი მოვწიე და კუპეში შევედი. ავძვერი “მეორე ეტაჟზე”, გაზეთი გადავიფარე სახეზე, გურიამდე დიდი გზაა, ცოტას თვალს მოვატყუებ თქვა ვიფიქრე. კუპეში ვიღაც შემოვიდა. არ განვძრეულვარ. ცოტა ხანში ფურცლების შრიალის ხმა გავიგონე.

– “ავტორუჩქა” არ გაქვენ?

კუპეში სათვალეებიანი იჯდა.

გიორგი (ქეფჩო) ჭეიშვილი

Posted in პროზა | 8 Comments

ბავშვობაში მეგონა, რომ

Female_მა უკვე დიდი ხანია მთხოვა შენც დაწერე რა გეგონა ბავშვობაშიო. მეთქი ეხლავე. დიდი ენთუზიაზმით დავჯექი და არაფერი გამახსენდა :დ      ):    მაგრამ  რადგან შევპირდი , რაც გამოვა გამოვა 🙂

*პრინციპში ბევრი არც არაფერი მეგონებოდა, ალბათ,  ჩემი არამთლადბავშვური ხასიათის გამო. ყოველთვის ისე ბევრად დიდივით ვფიქრობდი და ვიქცეოდი, რომ დედაჩემიც კი ვერ მეფერებოდა პატარა ბავშვივით. ეს დღემდე მაწუხებს 🙂

ბავშვობაში კი მეგონა, რომ დედას ჩემ ძმაზე ნაკლებად ვუყვარდი და საშინლად ვეჭვიანობდი

და ალბათ ამით გაბრაზებულს მეგონა, რომ მამა უფრო მიყვარდა ვიდრე დედა –))

მეგონა, ჩემს ოჯახში არავინ მოკვდებოდა და საერთოდ ცუდი რაღაცეები მარტო სხვებს ემართებოდათ. ეს სანამ ბაბუა მოკვდებოდა..

ჩემს “გრაფიკით შუქიან” ბავშვობაში მეგონა ჭერზე ჩამოკიდებულ ჩემს სათამაშო ბანჯგვლიან მაიმუნს რომ ვთხოვდი შუქი მოვიდესთქო, იმიტომ მოდიოდა –))))

იგივე წარმატებით მჯეროდა “ოერტეზე”  დისნეის მულტფილმებს ბევრს იმიტომ უჩვენებდნენ, რომ მე ჩემს მაიმუნს ბევრს ვეხვეწებოდი (ლოლ რა ღადაობაა 😀 :D)

სურვილის ასრულებას ქვაფენილზე ღრმულებისთვის ფეხის არიდებასაც ვუმადლოდი ხოლმე ხშირად :>  რაც საბოლოოდ  ჩვევად დამრჩა

ჩემს მესამე აღდგომას დილით დედამ გამაღვიძა ქრისტე აღსდგაო.  და ცდილობდა ესწავლებინა რომ ჭეშმარიტად–მეთქი მეპასუხა. მაგრამ, რატომღაც (:D) ეს რაღაც “ჭეშმარიტა” ვერ გავიგე რა იყო. ხოდა ახსნა რომ ვერ მოახერხეს და მე არ ვწყნარდებოდი, მითხრეს კარადის თავზე ზისო. ხოდა სკოლის ასაკამდე აღდგომის “ჭეშმარიტა” კარადის თავზე დამალული მწვანე ცხოველი მეგონა –)))))

მეგონა საწოლის ქვეშ მონსტრები ცხოვრობდნენ, რომლებიც ფეხზე  ხელის წავლებაზე გიჟდებოდნენ და სიბნელეში შორიდან ვხტებოდი ხოლმე ლოგინზე : DDDDD

ხოო, კიდე სულ თავიდან “მაგუჯაჯა”  გამარჯობა მეგონა . სანამ ნორმალურად ლაპარაკს დავიწყებდი –)))  ასე გაუჩერებლად ვესალმებოდი ყველას.

მეგონა, ქალები ტუჩებში კოცნით ორსულდებოდნენ. და საერთოდ საშინელი უზდელობა მეგონა ეგ  :დდდ

მეგონა, ქათამს თუ კვერცხს დაუდებდი წიწილას მაშინვე ჩეკავდა. და ამის მოლოდინში მიდარაჯებია –))) მარა ქათამმა იმედი გამიცრუა

მეგონა პლასტელინის ჭამა მარტო დიდებისთვის შეიძლებოდა. იმიტომ, რომ რამდენჯერაც დავაპირე გემოს გასინჯვა, რომ გაიზრდები მერეო, ესე მითხრეს. მოკლედ  ჩემი ბრალი არ იყო ასე რომ მეგონა 😀

მეგონა სალარო იმიტომ ერქვა, რომ კუპიურა ლარი იყო. და აქედან გამომდინარე ვასკვნიდი, რომ მანამდე სამანეთო იყო. მახსოვს ეს აზრი რომ გამოვთქვი, დედამ მომიწონა –))))*

ეეჰ მეტი აღარაფერი მახსენდება, თორემ მეც კარგად ვიხალისე ამეებზე 😛

იმედია თემას გააგრძელებენ

Jood TB_parazitka http://gvantsula.wordpress.com/

Faukclub http://faukclub.wordpress.com/

Sky ken http://skyken.wordpress.com/


Posted in Uncategorized | 6 Comments

ნაბიჯით სინათლისკენ

ისევ იმ ქუჩაზე მივაბიჯებ…

…სიბნელეს ერთადერთი განათებული ლამპიონიდან გადმოფრქვეული სინათლე

ებრძვის…

ვგრძნობ უკან ისევ ვიღაც მომყვება…

…ვინ არის? – ამაზე პასუხი არ მაქვს…

…რა უნდა? – ვერც ამ კითხვას ვპასუხობ…

…დამეწევა?…

…არა, ახლა არა..!sinatlisken

charizmatic  /  მიშა გიორგაძე (ფოტო)

Posted in პროზა, ფოტოხელოვნება | 7 Comments

lol :))

ვიდეოს ავტორი არ ვიცი, და დიდი ეჭვი მაქვს, არც იქნება ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი –)))

მაგრამ ისე თემატურად ერგება წინა პოსტს ლიტერატურულ კაფეზე, არ შემიზლია არ გაჩვენოთ –))

Posted in Uncategorized | 4 Comments

ლიტერატურული კაფე ანუ იჭორავეთ რამდენიც გინდათ…

საქართველოში სულ უფრო  მეტი აქცია ტარდება იმისათვის, რომ ხალხი წიგნით დაინტერესდეს. იმართება „წიგნის გამოფენა“, იხსნება ე.წ ლიტერატურული კაფეები, სადაც მკითხველებს შეუძლიათ საყვარელი წიგნები და ცხელი ყავით მიღებული სიამოვნება ერთმანეთს შეუფარდონ. თუმცა, დღესდღეისობით ლიტერატურულმა კაფემ საერთოდ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

შუადღემ მოაწია და მეც გადავწყვიტე პეკინის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეს ვსტუმრებოდი. შევედი, ერთი პატარა მაგიდა, საბედნიეროდ,  თავისუფალი იყო. ყავა შევუკვეთე და სახლიდან სახელდახელოდ წამოღებული  თომას მანის  „ჯადოსნური მთა“  ამოვაძვრინე ჩანთიდან.  ყავის სურნელით გამხნევებული კითხვას შევუდექი, თუმცა ცოტახანში რაღაცნაირი უხერხულობა ვიგრძენი.  ჯერ ჩურჩული, მერე ჩემკენ გამოპარებული მზერა და იქ მყოფი საზოგადოების ცოტა უცნაური რეაქცია ჩემს საქციელზე. .

„მე წიგნის სახლში მეგობრებთან ერთად მოვდივარ ხოლმე. ყავას ან წვენს ვსვამთ და ჩვენ–ჩვენ პრობლემებზე ვლაპარაკობთ.  არასოდეს მიფიქრია აქ მარტო მოსვლა და წიგნის კითხვა“ – გამომიტყდა საუბარში ერთერთი  ლიტერატურული კაფეს მუდმივი კლიენტი სოფო გორელაშვილი. ჰეჰ

მალე ოფიციანტი მოვიდა და მითხრა,  თუ მეტს არაფერს იღებ, იქნებ ადგილი გაათავისუფლო, ბევრი ხალხი შემოდისო. მეც მორჩილად ჩავიდე „ჯადოსნური მთა“ ჩანთაში და ადგილი დავუთმე შემოსულებს, რომლებიც ალბათ ყავას თუ მოითხოვდნენ, სიგარეტის კვამლით გაბუღავდნენ იქაურობას და სულაც არ გაახსენდებოდათ,  რომ წიგნის სახლში მთავარი წიგნთან ურთიერთობაა.

„ მე ესე ვფიქრობ, რომ წიგნის სახლში ადამიანი საკითხავად უნდა მიდიოდეს. შეიძლება სიგარეტიც ამოიღო და მოწიო,  ეს ცოდვა ნამდივლად არ არის, მაგრამ როდესაც შენი მიზანი წიგნს საერთოდ არაფრით უკავშირდება ეს უკვე პრობლემაა, რადგან ასეთი ადგილები სწორედ ადამიანისა და წიგნის დასაახლოვებლად შეიქმნა.“ – ასე ფიქრობს უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი დარსაველიძე.

რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვინც მართლაც რომ საკითხავადაა მოსული. ისინი ზედა სართულის გაბუღულ ნაწილში სხედან და თითქოს არც კი აღელვებთ ქვევით განვითარებული ვნებათაღელვა, რადგან ჰანს კასტორპისა და ჰოფრატ ბერენსის პოლემიკას მაშინდელი ხალხის მსოფლმხედველობაზე უკვე, ვინ იცის, მერამდენედ კითხულობენ.

ცოტახნით მარჯანიშვილის ბუკინისტებისკენ გავუყევი გზას,  მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა, მერე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გავიარე, სადაც გარეთ აქვთ ხოლმე წიგნები გამოტანილი, მაგრამ უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ.  მერე ისევ პეკინის ქუჩას დავუბრუნდი და ლიტერატურული კაფეს ვიტრინაში მომღიმარი სახეებით მოლაპარაკე წყვილი დავინახე_წიგნებზე იმ მომენტში ნაკლებად თუ ფიქრობდნენ.საუბრები ლიტერატურაზე :დ

ნანიკო ვაჩნაძე

Posted in ჟურნალისტიკა | 12 Comments